თბილისის მერმა რუსთაველზე მთავარი ნაძვის ხე აანთო

პუბლიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვის ხე აანთო. ღონისძიებას მაყურებელი არ ესწრებოდა, პირდაპირი ეთერის მეშვეობით გადაეცემოდა ტელევიზიითა და სოციალური ქსელით.

ნაძვის ხის ანთებამდე კახა კალაძემ მაყურებელს სიტყვით მიმართა:

„მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ახლა აქ არ ხართ, მაგრამ დღეს ასეა საჭირო, იმიტომ რომ გავიფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ალბათ, იცით, ჩემო პატარებო, ჩემო ბავშვებო ამბავი ძალიან ლამაზ და მამაც გოგონაზე, რომელმაც სძლია უდიდეს ბოროტებას და პატარების მფარველად იქცა. დღეს ბარბარობაა და მინდა, მოგილოცოთ.

ჩემო პატარა მეგობრებო, გჯეროდეთ, არ არსებობს ბოროტება, რომლის დაძლევასაც ვერ შევძლებთ სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომითა და სოლიდარობით.

ფოტო: თბილისის მერია

პირველად ცხოვრებაში და, იმედი მაქვს, ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, არ მოგესმათ, ჩვენ ყველა ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, რომ იცოდეს, რომ არ გვეშინია და არასდროს დავნებდებით.

ეს საახალწლო განათებები, ეს ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არის არამარტო ზზეიმის, ახალი წლის ,ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნა, არამედ გამოწვევა, არშეგუება იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო.

ჩვენ დღეს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქდ თბილისს, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც ამ პანდემიის დროს გვაქვს.

გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული, აი, ზუსტად, ეს არის ის, რისიც ეშინია პანდემიას და COVID-19-ს. სიცოცხლე გრძელდება, მეგობრებო, სიცოცხლე მშვენიერია.

ახალი წელი, დარწმუნებული ვარ, მოიტანს ახალ იმედს და ჯანმრთელ მომავალს“, – განაცხადა კალაძემ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დედაქალაქის განათებაზე დახარჯულია დაახლოებით 700 000 ლარი.

მისივე თქმით, განიხილავენ, იქნება თუ არა მიზანშეწონილი, რომ გადაადგილების შეზღუდვამ  23:00 ან 00:00 საათამდე გადაიწიოს.

„რაც შეეხება „კომენდანტის საათს“, რომ 21:00 საათზე ქალაქში გადაადგილება იზღუდება, 24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ „საკომენდანტო საათი“ გადაიწიოს მაგალითად, 23:00 ან 00:00 საათამდე. განათებები დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან უკვე, როდესაც კომენდანტის საათი დაიწყება, ნაძვის ხის გარდა, ყველაფერი ჩამქრალი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისში წელს არ მოეწყობა საახალწლო სოფელი. მერიის ინფორმაციით, საახალწლო კონცერტები  31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მათ მაყურებელი არ დაესწრება.