თბილისის მოზრდილი მოსახლეობის 9.1%-ს გადატანილი აქვს კოვიდინფექცია – ცერცვაძე

პუბლიკა

ჩვენ ჩავატარეთ რანდომული კვლევა დედაქალაქში და თბილისის მოზრდილი მოსახლეობის 9.1 პროცენტს გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ჩვენ მხოლოდ თბილისში ჩავატარეთ კვლევა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა და 9.1 პრევალენტობაა ქალაქ თბილისში. თბილისის მოზრდილი მოსახლეობის 9.1 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია. გაზაფხულზე ჩვენ გვქონდა ასეთი კვლევა და იქ მაჩვენებელი 0,9 პროცენტი იყო. რანდომული კვლევა ჩატარდა. არსებობს მეთოდიკა, როდესაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვიკვილეთ ათასი მოქალაქე და ვნახეთ, რამდენს ჰქონდა პოზიტიური ანტისხეულები კოვიდის მიმართ და იქ დადგინდა, რომ ცხრაზე ოდნავ მეტი პროცენტი ქალაქის მოსახლეობის არის ინფექციაგადატანილი. ჩატარდა სხვადასხვა ქალაქებშიც ეს კვლევა, ნიუ იორკში 25 პროცენტი იყო, ჟენევაში 14 პროცენტი, სადღაც ხუთი იყო, სადღაც რვა. ვიტყოდი, რომ 10 პროცენტი მოსახლეობის ინფიცირება, ეს არის საშუალო ევროპული პროცენტი“, – განაცხადა ცერცვაძემ.