თელავში ძაღლის მოკვლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

თელავში ძაღლის მოკვლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

ტელეკომპანია „მთავართან“ ადგილობრივები ამბობენ, რომ მიუსაფარი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ინფორმაციას ადასტურებს იმ პირის და, ვინც, სავარაუდოდ, ძაღლს ესროლა.

„აგრესიული ძაღლი იყო და გამოიწვია აგრესია, მანქანა რომ შემოვიდა. მივარდა ყეფით და არ მისცა საშუალება, გადმოსულიყო მანქანიდან. კარი რომ გახსნა, მეორედ მივარდა და ჩემმა ძმამ თავისი კუთვნილი იარაღი, რომელიც გაფორმებული აქვს, თავდაცვის მიზნით გამოიყენა. თუმცა მიწას ესრლა და ეტყობა, მიწიდან აისხლიტა და მოხვდა ამ ძაღლს“, – თქვა „მთავართან“ იმ პირის დამ, ვინც, სავარაუდოდ, ძაღლი მოკლა.