ტელეეთერებში რეგულარულ სტუმრობას არ ვაპირებ - სააკაშვილი

პუბლიკა

TV პირველის ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ როგორი იქნება მისი ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესებში არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა მას პატრიოტობას არ უზღუდავს – „არავინ ამას არ მთხოვს და ვერც მომთხოვს“.

„რა თქმა უნდა, მე პატივს ვცემ რაღაც წესებს და პრინციპებს და არავის არ შევუქმნი პრობლემებს, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც უკრაინისა და საქართველოსთვის კარგი უნდა. საქართველოში არის საკმარისზე მეტი ძალიან ჯანსაღი ადამიანი, რომლებიც შეძლებენ და ქართველ ხალხთან ერთად გამოიყვანენ საქართველოს გარეთ და რისი გაკეთებაც შემიძლია, რა თქმა უნდა, ყველანაირად შევუწყობ მათ ხელს. რომ გითხრათ, ყოველდღიურად ქართულ ეთერებში ვიქნები… ამის დროც არ მაქვს. მეტსაც გეტყვით, უკრაინულ ეთერებშიც მკვეთრად შევამცირე გამოჩენა, რადგან მირჩევნია, ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართო. ყველა მხრიდან პრობლემაა, ყველას უნდა შეხვედრა, ყველას უნდა რაღაცის განხილვა და ახლა ყველაზე ცუდი იქნება ის, რომ ამ ადამიანებს ხელი ვკრა და ერთადერთი, საიდანც ისინი დამინახავენ, ეს იქნება ტელეეთერი. ეს არ იქნება სწორი. უბრალოდ, ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ თქვენმა ტელვიზიამ გამოთქვა სურვილი. სიმპათიით ვუყურებ და ვგულშემატკივრობ და ამიტომ… მაგრამ რომ გითხრათ, რომ ან თქვენს ეთერში ან სხვა ეთერებში ვაპირებ რეგულარულ სტუმრობას, ეს ასე არ არის, რადგან ახლა საჭიროა კონკრეტულ საკითხებზე მუშაობა“, – განაცხადა სააკაშვილმა TV პირველის ეთერში.

მისივე თქმით, ძალიანაც რომ სურდეს, საქართველოს ისტორიას ვერ გაეთიშება. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრმა უცხოურმა გაზეთმა დაწერა სტატია მის შესახებ.

„ძალიან ბევრ მათგანში ჟღერდა ერთი ფრაზა – სააკაშვილი არის ისტორიული მასშტაბის, Larger than life figure, ე.ი. იმაზე დიდი ვიდრე მისი ცხოვრება და… როდესაც ასეთი შეფასებაა, მე ნამდვილად ჩემს თავს მშვიდად ვუყურებ და არ მინდა ვიტრაბახო, მაგრამ, როცა ასეთ შეფასებაა… შენ ხარ შენი ქვეყნის ისტორიის ნაწილი და ისტორიიდან ამოშლა არცერთ ტოტალიტარულ რეჟიმს არ გამოსვლია და მით უმეტეს ტოტალიტარულ პაროდიის მქონეზე რეჟიმებს ეს არ გამოუვათ“, – განაცხადა სააკაშვილმა.