ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა - გახარია

პუბლიკა

ოკუპაცია, სამწუხაროდ, იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის ძირითად გამოწვევად, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას.

გიორგი გახარიას თქმით, როდესაც საუბარია ოკუპაციაზე, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების განზომილება.

„ვიდრე საქართველოში ოკუპაციის პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება, ქვეყნის განვითარება ნებისმიერ სფეროში შეზღუდული იქნება. ამიტომ ჩვენთვის მშვიდობიანი გზით და პრაგმატული პოლიტიკით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ნომერ პირველი ამოცანა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქაც ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები და სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ რთული იყო ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნება, თუმცა ჩვენმა დიპლომატიამ ამას თავი გაართვა და დღესაც საქართველოს ოკუპაცია საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს პარტნიორ დედაქალაქებში ძალიან მაღალ დონეზეა დაყენებული და ამ მიმართულებით  მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას შემდგომი განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, ეს შეზღუდვა მაქსიმალურად სწრაფ ვადებში მოვუხსნათ“, – განაცხადა მან.

გახარიას თქმით, ამ მიმართულებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან, პირველ რიგში აშშ-თან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავება უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ეკონომიკა და დემოკრატიზაცია.

გიორგი გახარიას განცხადების წერილობით ვერსიას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.