თქვენ თუ გინდათ, კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე მალაპარაკოთ, არ ვილაპარაკებ - გახარია

პუბლიკა

„თქვენ თუ გინდათ, რომ კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე მალაპარაკოთ, არ ვილაპარაკებ. იმიტომ, რომ ჩემთვის ეს არის სისტემური პრობლემა”, – განაცხადა  ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. ის დღეს სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ხვდება.

„დღეს, ბოლო არჩევნების შემდეგ, უაღრესად მძაფრად გამოჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე. სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე და კორუფციული/ნეპოტისტური რისკები ერთად, არის სისტემური პრობლემა ქვეყნის განვითარებისთვის. და ამ სისტემურ პრობლემას სტრატეგიულად თუ არ მივხედეთ, მე და თქვენ ასე ვისაუბრებთ და… ვიღაცებს, რომ ჰგონიათ, რომ პოლიტიკური პარტიების დაპირისპირებაში რაღაც პოლიტიკურ დინამიკას ქმნიან. სინამდვილეში დინამიკის ილუზია იქმნება და ქვეყანა დგას ერთ ადგილზე”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მთავრობას გაცხადებული ანტიკორუფციული სტრატეგია უნდა ჰქონდეს და, როგორც მან აღნიშნა, მისი პრემიერობის დროს ამ მიმართულებით რიგი მოსამზადებელი ნაბიჯები გადადგმული ჰქონდა.

„მოსამზადებელი სამუშაოების დონეზე დაწყებული გვქონდა საუბრები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, რომ კორუფციული საქმეების გამოძიების მექანიზმები არის დასახვეწი, არის შესაქმნელი ერთიანი საგამოძიებო სისტემა…“, – განაცხადა მან.

29 მაისს ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის” დააფუძნა.