თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს

პუბლიკა

აკადემიურმა საბჭომ თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩია. კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ ის იღებდა. კენჭისყრის პროცესი სტუდენტური მოძრაობის პარალელურად მიმდინარეობდა.

მან აკადემიური საბჭოს 30 წევრიდან 28-ის მხარდაჭერა მიიღო.

მოვალეობის შემსრულებელი არაუმეტეს 6 თვის ვადით ირჩევა. მას რექტორის შემდგომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც შეეძლება.


ჯაბა სამუშია პოლიტიკაში

51 წლის ჯაბა სამუშია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია, რომლის სამუშაო გამოცდილება 1994 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობით იწყება.

2010 წლის საკრებულოში „ქრისტიან დემოკრატების“ პარტიული სიით მოხვდა. პარტია თბილისის საკრებულოში სამი მანდატით იყო წარმოდგენილი – ჯაბა სამუშია, ზაზა გაბუნია და კახა ბროკიშვილი, რომელმაც საკრებულოში ინგა გრიგოლია შეცვალა. 2013 წელს ჯაბა სამუშიამ ზაზა გაბუნიასთან ერთად „ქრისტიან დემოკრატები“ დატოვა და საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციას შეუერთდა. თბილისის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ უმრავლესობა 2013 წელს დაეშალა.

სამუშიამ 2014 წლის არჩევნების შემდეგაც მუშაობა საკრებულოში გააგრძელა. 2014 წლის მოწვევის საკრებულოში ის „ქართული ოცნების“ დეპუტატად მოგვევლინა. საკრებულოში თემქის ოლქის მაჟორიტარად აირჩიეს.

2018 წლიდან რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2020 წლის 11 აგვისტოს ფონდის დირექტორად დაინიშნა.

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile