თუ ენმ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვერ ჩაერთვებიან სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, არ ექნებათ პრივილეგიები - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება შეაფასა.

როგორც კობახიძე ამბობს, ენმ-ს გადაწყვეტილება მათი მარცხის საბოლოო გაფორმებაა.

კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო უწყების მუშაობისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს, რადგან, მისი თქმით, ენმ-ს არ აქვს დემოკრატიულ პროცესებში წვლილის შეტანის რესურსი.

კობახიძის შეფასებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შესვლას „ფორმალური ფასიც კი არ აქვს“.

„მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას უსათუოდ ექნება თავისი ლოგიკური შედეგები.

უპირველესად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლადაა შექმნილი ან შეიქმნება.

გარდა ამისა, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს.

დარწმუნებულნი ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო, თუმცა საარჩევნო ბლოკის წევრები, თამარ კორძაიას გამოკლებით, შარლ მიშელის მედიაციით შედგენილი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს აცხადებენ. მიზეზად ამნისტიის პუნქტი დასახელდა.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, პარტია მაინც აპირებს, ჩაერთოს რეფორმებზე სამუშაო ჯგუფებში.