თუ მოხდა ლიბერალიზაცია ვაჭრობასთან მიმართებაში, არავის ეგონოს, რომ იქნება ჩვეულებრივი შოპინგი - თურნავა

პუბლიკა

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდა გარკვეული ლიბერალიზაცია ამ დღეებში ვაჭრობასთან მიმართებაში, არავის ეგონოს, რომ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ შეზღუდვებთან დაკავშირებით დაბალანსებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ვინაიდან რისკი საკმაოდ მაღალია, მისი განმარტებით, მთავრობას დამატებით დრო სჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

„თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებით დატვირთული გადაწყვეტილება. ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, იმდენად რთული საკითხია და იმდენად ვუფრთხილდებით პირველ დადებით ნიშნებს, რაც გვაქვს და ჯანდაცვის სექტორს, რომ მეტი მსჯელობა გვჭირდება. მანამდე თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ ჩემი პირადი მოსაზრებები გაგაცნოთ“, – განაცხადა თურნავამ.