თვალთხარიაც დაუძახიათ ჩემთვის, მე ამასაც მოვითმენ. მესმის, რომ ეს ჩემი ტვირთია - გახარია

პუბლიკა

„მე მომიწია ამ მძიმე ნაბიჯის გადადგმა და დღეს რეალურ პოლიტიკაში ვარ, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა დამიძახონ – „მოღალატე”, „თვალთხარიაც” დაუძახიათ ჩემთვის, მე ამასაც მოვითმენ. მე მესმის, რომ ეს ჩემი ტვირთია, ის ტვირთია, რომელიც მე ჩემი მოქალაქეების წინაშე უნდა ვატარო და ამით მე ჩემს ლექსიკას არ შევიცვლი”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ გადაცემა „რეაქციაში”.

მას შეკითხვა ასევე დაუსვეს 20 ივნისთან დაკავშირებით. გახარიამ აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებებში „ქართული ოცნების” მაშინდელი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულა.

„20 ივნისთან დაკავშირებით მე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ეს ჩემი ტვირთია და მე ამ ტვირთს ვატარებ. მე მაშინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე, არც ერთ შემთხვევაში მე არანაირი შეზღუდვა არც შინაგან საქმეთა, არც ეკონომიკის მინისტრის პოზიციებზე, არ მქონია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩემს პირდაპირ მოვალეობაში ჩარეულიყო. მე მქონდა ამის შესაძლებლობა”, – განაცხადა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: 20 ივნისის დარბევა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე იყო?

გახარია პასუხობს: „რა თქმა უნდა, ასე იყო. მე ვარ ის საჯარო მოხელე, რომელიც როგორც კი არალეგიტიმურად, მის პირდაპირ მოვალეობაში, პასუხისმგებლობის ზონაში ერევიან და მე არ მაქვს შესაძლებლობა ლაპარაკისა და მოლაპარაკებების საფუძველზე კომპრომისს მივაღწიო, მე რა თქმა უნდა გადავდგები, ვინც არ უნდა იყოს ეს…

დიახ, მე ვიღებ ამას ჩემს თავზე. რომ ამოვწუროთ ეს თემა – მე დღეს ვარ ოპოზიციურ ფლანგზე, ჩემი კონკურენტების ერთი ნაწილი არის ხელისუფლებაში და დაიწყონ გამოძიება როგორიც უნდათ. მეორე კი პარლამენტშია და შექმნან კომისია. ეს არ არის ჩემთვის პრობლემა. და ეს იქნება ყოველ ნაბიჯზე ჩემი მოქმედების ღირებულება, იმიტომ, რომ მე არ მაქვს ამის შიში. მე ყოველთვის, როდესაც რაღაცას ვაკეთებ, ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ”, – განაცხადა გახარიამ.