თვე-ნახევრით ჩვენ გვექნება ძალიან ცუდი კანონი, კონსტიტუციასთან შეუსაბამო – ბესელია

პუბლიკა

პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, თვე-ნახევრით ქვეყანას ექნება კონსტიტუაციასთან შეუსაბამო კანონი, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი შეიცვალა პირველ ვერსიასთან შედარებით, – ასე შეაფასა მან „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი, მესამე მოსმენით განხილვისას.

მისი თქმით, კანონპროექტი შინაარსით პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას ეხება.  ბესელიამ აღნიშნა, რომ მისი შენიშვნები, როლებიც მეორე მოსმენის დროს დაასახელა, არ გაუთვალისწინებიათ.

„ერთადერთი დამამშვიდებელი, თუ შეიძლება იყოს ეს დასამშვიდებელი, არის ის, რომ თვე-ნახევრით ჩვენ გვექნება ძალიან ცუდი კანონი, კონსტიტუციასთან შეუსაბამო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეიცვალა პირველ ვერსიასთან განსხვავებით, ბევრად სხვა ვერსიაა, ყდა დარჩა იმ ვერსიისგან, თორემ შინაარსობრივად აბსოლუტურად მოდიფიცირებულია…“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ იმედი გამოთქვა, რომ 15 ივლისის შემდეგ ჩანაწერის მოქმედების გაგრძელების აუცილებლობა არ იქნება.

„სასამართლოს ნაწილში ასევე კარგი იქნებოდა ამოგვეღო და ისეთი ფართო დისკრეცია არ ყოფილიყო. იმიტომ, რომ სახიფათოა, რადგან პარლამენტი და სასამართლო არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაკონტროლებელი ორი შტო ხელისუფლების, რომელიც ასეთ ვითარებაში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ცხადდება ან არ ცხადდება, მაგრამ  კონვენციური უფლებებიდან გადახვევა ხდება, ყველაზე აქტიური უნდა იყოს, ყველაზე სამართლიანი უნდა იყოს. ამიტომ მგონია, ახლა რაც ხდება, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმედი მინდა გამოვთქვა, ბატონო დიმიტრი, რომ ამის გაგრძელების აუცილებლობის წინაშე არ დავდგებით და მართლაც დასრულდება ეს ჩანაწერი 15 ივლისს. იმიტომ, რომ თუნდაც სასამართლოს ნაწილში ჩვენ თუ დავადგინეთ დისტანციური საქმისწარმოება ასეთი ფართო დისკრეციით, ეს პირდაპირ არღვევს კონვენციის მეექვსე მუხლს“, – განაცხადა ბესელიამ.


საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი. ცვლილებებით, შესაძლებელი გახდება, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობამ საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში რიგი შეზღუდვები დააწესოს.

კანონპროექტის ინიცირებულ ვარიანტს უარყოფითად აფასებდნენ ის დეპუტატები, რომლებიც არ არიან უმრავლესობაში. მათი თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საპარლამენტო კონტროლს მიღმა მთავრობას ერთპიროვნული, ავტოკრატიული გადაწყვეტილებების ბერკეტს აძლევს.

ცვლილებების ასახვის შემდეგაც უმრავლესობის მიღმა მყოფი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტით ისევ არაა გათვალისწინებული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებისას პარლამენტის მიერ კონტროლის მექანიზმი.