თვითმართველობის არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაციაა საჭირო - მელია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაციაა საჭირო.

„ერთობა არ არის აუცილებელი, რომ რომელიღაცა კანდიდატს ჩაეხუტოს ვიღაცა, მაგრამ კოორდინაცია (საჭიროა) მჭიდრო… თბილისში მერობის კანდიდატი არის მხოლოდ? 10 მაჟორიტარული ოლქი იქნება მხოლოდ და თუ არ იქნება კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის და არ მოხერხდება საერთო მაჟორიტარული კანდიდატების გამოკვეთა, 10-ვე ოლქს მოიგებს ქართული ოცნება. რატომ იცით? მეორე ტური არ არსებობს მაჟორიტარულ ოლქში და თუკი 6, 7, და 8 ოპოზიციური პარტია თავის კანდიდატს წამოაყენებს, შეიძლება 23%-ით მოიგოს ქართულმა ოცნებამ.

მე როგორ ვუყურებ თბილისის არჩევნებს, გეტყვით. მერობის კანდიდატის გარშემო კი არ უნდა მოხდეს გაერთიანება, საკრებულოს თავმჯდომარე უნდა იყოს სხვა პარტიის წარმომადგენელი, ვიცე-მერის სხვა, მთაწმინდის გამგებელი სხვა, გლდანის გამგებელი სხვა… უნდა იყოს ნაკრები და საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ მერის გარშემო კი არ არის გაერთიანებული, მერი ერთ-ერთი უნდა იყოს, კოალიციური ერთობა მოდის და აი გვაქვს ოპოზიციას უნარი კოალიციური ერთობა შევკრათ, წინააღმდეგ შემთხვევასი მე მაგალითად, იმ კამპანიაში ჩართვას, სადაც კამპანია კამპანიისთვის უნდა ვაწარმოოთ, არ ვაპირებ. ბრძოლის კამპანიაში ან გამარჯვების კამპანიაში ყველაფერს დავდებ”,-  განაცხადა მან.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

ევროკავშირის მიერ გადმორიცხული 40 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მან რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.