უცხოეთში მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ქვეყნის სტრატეგიას მხოლოდ აკრიტიკებეს | ზურაბიშვილი

პუბლიკა

პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის. სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა პანდემიასა და ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვა ისევე, როგორც მთელი მსოფლიო ჯანდაცვა,  ეს გამოწვევა არის პანდემია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მასშტაბის კატასტროფას მარტო გაუმკლავდება, ან რომელიმე  პოლიტიკური ძალა სხვისი მარცხით გამარჯვებული დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვითარებისა არაფერი გვესმის და არც ეროვნული პასუხისმგებლობის განცდა გვაქვს. ხომ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ახლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის, ან ერთად გადავრჩებით, ან ვერა.

აქ საჭიროა პოზიციებისა და რჩევების, ცოდნისა და გამოცდილების შეჯერება. ასეთ დროს კი, სრულიად მიუღებლად მიმაჩნია, როცა ყოველგვარი ჰუმანურობისა თუ თანაგრძნობის გარეშე, უცხოეთში მოღვაწე ზოგიერთი ქართველი  ქვეყნის სტრატეგიას მხოლოდ აკრიტიკებეს, არაფერს სთავაზობს და ამით თესავს უნდობლობასა და უიმედობას. ისიც მიუღებელია, როცა ქვეყნის შიგნით ცნობილი ადამიანები, სოციალურ ქსელების მეშვეობით, ვაქცინაციის უკუშედეგებზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებენ და ამით უნდობლობასა და შიშს ზრდიან.

ყველამ ვიცით, რომ იშვიათი შემთხვევები ყველა ვაქცინაციის კამპანიას თან ახლავს, მაგრამ ვაქცინაციის გარეშე დაავადების საფრთხე ბევრად დიდია. ამ ვითარებაში გვმართებს უფრო გონივრული, ვიდრე ემოციური გადაწყვეტილება, მეტი სოლიდარობა, მეტი კეთილსინდისიერი ჩართულობა  – ყველასი, ვისაც რამე შეუძლია, თუნდაც ვაქცინების მოპოვების კუთხით. უნდა გვესმოდეს, რომ დაავადებაზე დროული გამარჯვება ვერ და არ ჩაითვლება რომელიმე ხელისუფლების, ან პარტიის გამარჯვებად.  ეს უნდა იყოს საზოგადოების გამარჯვება, რომელიც მიიღწევა მხოლოდ ერთიანი და პასუხისმგებლიანი მიდგომით.

მიმაჩნია, რომ ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არსებული რეგულაციების ყველაზე  ერთნაირად გავრცელებაა.

ყველგან – ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში, წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე. მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ ჰყოფნის, თითოეული მოქალაქეს შეგნებაზე, პირბადეს ტარებაზე, დროულ ვაქცინაციაზე და გაფრთხილებაზე გადის ჩვენი საზოგადოების ბედი.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.