უჰანში კორონავირუსისგან 98 წლის პაციენტი განიკურნა - ადგილობრივი მედია

ჩინეთში, უჰანში კორონავირუსისგან 98 წლის ქალი განიკურნა. პაციენტი 1 მარტს საავადმყოფოდან მას შემდეგ გაწერეს, რაც კორონავირუსისგან და ვირუსით გამოწვეული მწვავე რესპირატორული დაავადებისგან სრულად განიკურნა. ის ყველაზე მოხუცი პაციენტია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო გამოცემა წერს.

პაციენტი თავის 55 წლის შვილთან ერთად საავადმყოფოში 13 თებერვალს გადაიყვანეს. მოხუცს 40 გრადუსი სიცხე აღენიშნებოდა და უაღრესად კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც ექიმებს იგი 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ.

„მისი გამოჯანმრთელება იმედისმიმცემი იქნება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ მკურნალობას გადიან“, – განაცხადა „ლეიშენშანის“ საავადმყოფოს დირექტორმა.

საავადმყოფოდან კვირა დღის მონაცემების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირებული 200 პაციენტი გაწერეს.