სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია.
მათივე განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ლაშა ხეთერელთან დაკავშირებით, მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).
„ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუსში.