უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველო და უკრაინა საერთო ბრძოლაში ერთმანეთს ზურგს უმაგრებდნენ. კულებამ მადლობის შესახებ პოსტი twitter-ზე გამოაქვეყნა.

„უკრაინა გრძნობს და აფასებს ჩვენი ქართველი მეგობრების სოლიდარობას.  ჩვენ, ორმა მამაცმა ერმა ვიცით, რომ თავისუფლება არ არის თავისუფალი. მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ბრძოლაში უკრაინა და საქართველო ერთმანეთს ზურგს უმაგრებდნენ“, – დაწერა twitte-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

 

დღეს უკრაინის საელჩოში ერთობის დღის აღსანიშნ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე დაესწრნენ.

დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლაში განაცხადა, რომ შემაშფოთებელია, 21-ე საუკუნეში ისეთი მასშტაბური სამხედრო მობილიზაცია, როგორიც უკრაინის საზღვართანაა. მისივე შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსეთის დუმის გუშინდელი გადაწყვეტილება, მიემართა პუტინისთვის უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით. ზალკალიანმა ეს ნაბიჯი დაგმო.

დღეს, 16 თებერვალს უკრაინაში ერთიანობის დღე აღინიშნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, იმართება მსვლელობები მშვიდობისთვის.

14 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა, სადაც, მისი თქმით, იყო ცნობები, რომ 16 თებერვალს რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა. ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.