უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად სასწრაფოდ უნდა დავაბრუნოთ ელჩი კიევში | ზურაბიშვილი

პუბლიკა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა. სიტყვით გამოსვლის ბოლოს მან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნება.

„არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 8 მაისს განაცხადა, რომ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ელჩი გამოიწვიეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს უხელმძღვანელებდა.