ულტრამემარჯვენე AfD-მ რეგიონულ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა

პუბლიკა

ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) 6 სექტემბერს საქსონია-ანჰალტის რეგიონულ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. პარტიის მიზანი იყო, მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში პირველი ულტრამემარჯვენე სამთავრობო გუნდი ჩამოეყალიბებინა.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გერმანიაში პოპულარობით ვერ სარგებლობს. მისმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტია „ქრისტიან-დემოკრატთთა გაერთიანებამ“ (CDU), როგორც მედიები აფასებენ, კატასტროფული შედეგები აჩვენა.

კერძოდ, ულტრამემარჯვენე AfD-მ ხმების 43.8 მიიღო, CDU-მ კი – 17.2%.

ულტრამემარცხენე პარტია BSW-მ, რომელიც AfD-ის მსგავსად ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკით გამოირჩევა, საარჩევნო ბარიერი გადალახა, მიიღო 5.3% და 5 მანდატი.

AfD-ის მიერ მიღებული ხმები 5-წლის წინანდელ არჩევნებზე მიღებულ ორჯერ მეტია. საქსონია-ანჰალტი ბერლინის აღმოსავლეთით მდებარეობს და იქ 2.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც AfD-მ გერმანიის რომელიმე ფედერალურ მიწაზე არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა და რეგიონული მთავრობის სათავეში მოსვლის რეალური შესაძლებლობა მიიღო.

გერმანია ფედერალური სახელმწიფოა და შედგება 16 ფედერალური მიწისგან. თითოეულ მიწას აქვს საკუთარი პარლამენტი და საკუთარი რეგიონული მთავრობა. 6 სექტემბრის არჩევნებზე საქსონია-ანჰალტის პარლამენტს ირჩევდნენ. ეს პარლამენტი 83 მანდატისგან შედგება.

AfD-ს სურდა, საქსონია-ანჰალტის რეგიონის ფედერალურ რეგიონში აბსოლუტური უმრავლესობა მოეპოვებინა და გადაელახა ე.წ. „ცეცხლოვანი კედელი“ – სხვა ძირითადი პარტიების უარი AfD-სთან თანამშრომლობზე – სხვა პარტიები AfD-სთან კოალიციას გამორიცხავენ, ამიტომ ახლა მთავარი საკითხია, ვინ შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას.

AfD-ის ლიდერმა რეგიონის პარლამენტში ულრიხ ზიგმუნდმა განაცხადა, რომ პარტია არ ჩაერთვება ისეთ „თამაშებში“, როგორიცაა უმცირესობის მთავრობის შექმნა.

დასავლური მედიების შეფასებით, AfD-ის ეს შედეგი სერიოზული დარტყმაა ფრიდრიხ მერცისთვის, რომლის პარტიაც საქსონია-ანჰალტს 24 წლის განმავლობაში მართავდა.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) 2013 წელს დაარსადა. თავდაპირველად პარტია ევროკავშირს და მის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებდა.

დროთა განმავლობაში პარტია მნიშვნელოვნად გადაიხარა მარჯვნივ. დღეს AfD საუბრობს მიგრაციის მკაცრ შეზღუდვაზე, დეპორტაციასა და ეროვნული სუვერენიტეტის გაძლიერებაზე.

ამავდროულად რუსეთის მიმართ მისი პოზიცია გერმანიის მთავარ პარტიებთან შედარებით გაცილებით რბილია. AfD აკრიტიკებს უკრაინისთვის გერმანიის სამხედრო დახმარებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

ამასთან, AfD საუბრობს „რემიგრაციაზე“ (Remigration) – ეს არის ტერმინი, რომელიც კონტექსტის მიხედვით შეიძლება ნიშნავდეს უკანონო მიგრანტების გაძევებას. თუმცა, ტერმინს სავარაუდოდ ფაშისტური შინაარსიც აქვს და შესაძლოა, ნიშნავდეს გერმანიაში მცხოვრები უცხოელი წარმოშობის ადამიანების გაძევებასაც. ტერმინი ამ კონტექსტში რამდენჯერმე გამოიყენეს AfD-ის წევრებმა სხვადასხვა დებატებში.

გერმანიის შიდა დაზვერვის სამსახური (BfV) AfD-სა და მის ცალკეულ რეგიონულ ორგანიზაციებს დიდი ხანია აკვირდება ექსტრემიზმთან დაკავშირებული რისკების გამო. ამ საკითხზე პარტია სასამართლო დავებშიც იყო ჩართული.

თავად AfD უარყოფს, რომ ექსტრემისტულია და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ შეფასებები პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.

AfD განსაკუთრებით ძლიერია ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში, სადაც ეკონომიკური და სოციალური უკმაყოფილება, მიგრაციის საკითხი და ტრადიციული პარტიებისადმი უნდობლობა მის მხარდაჭერას აძლიერებს.