უნდა დაიწყოს კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაციის ფორმებთან დაკავშირებით - ბოკერია

პუბლიკა

„უნდა დაიწყოს კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაციის ფორმებთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია კონსულტაციები კოორდინაციაზე ყველა იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან, ვისაც რეალურად სურს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს რეალისტური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ვადამდელი არჩევნების მომტანი.

„ამ დროის გასვლის შემდეგ ჩვენი პოზიცია არის ისევე მკაფიო, როგორც ჩვენ ეს უკვე დავაფიქსირეთ. ამ დისკუსიის უსასრულოდ გაგრძელება არაფერს მოუტანს ჩვენს საზოგადოებას, არ მოუტანს იმ ცვლილებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება უმძიმესი კრიზისის პირობებში, რომელიც შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა. ახლა ეს დისკუსია უნდა დასრულდეს. ყველას პოზიცია ცნობილია. ახლა ვისაც აქვს რეალური სურვილი, რომ იყოს ივანიშვილის წინააღმდეგ მშვიდობიან, პოლიტიკურ ბრძოლაში, უნდა გადაერთოს ამ ბრძოლაზე, რაც გულისხმობს უახლოეს დღეებში, ამ კვირის განმავლობაში, კონსულტაციების დაწყებას პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაციის ფორმებთან დაკავშირებით. ეს აუცილებელია, იმისათვის, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს რეალისტური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ვადამდელი არჩევნების მომტანი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.