უნდათ, კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ - კირკიტაძე პროკურატურის განცხადებაზე

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის მხრიდან სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ ინფორმაციას პარლამენტის წევრი, ენმ-ის დეპუტატი, დავით კირკიტაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რუსთავის საკრებულოს დაკარგვის შემდეგ საპასუხო ნაბიჯზე ფიქრობდა და ეს ბრალიც მაგას უკავშირდება.

„ქართული ოცნება“ რუსთავის საკრებულოს დაკარგვის მერე, საპასუხო ნაბიჯზე ფიქრობდა. რა, გადაწყვიტეს რუსთაველებისათვის საჭირო ინიციატივების გამოჩენა ხალხისათვის ჩვენზე უკეთესი გეგმის შეთავაზება? არა – ეს მათ არ შეუძლიათ, თუმცა რაც იციან, ესაა პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ბრძოლა და ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა.

დღეს, 15:30 უნდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ, მაგრამ ამით ისინი ხელს ვერ შეუშლიან ჩვენი გეგმის განხორციელებას რუსთავსა და მთელ ქვეყანაში, რუსთაველებიც აუცილებლად მიიღებენ საკუთრებაში იმას, რაც მათ ეკუთნით. საქართველო აუცილებლად დააღწევს თავს იმ გაჭირვებას, რაშიც შეგნებულად ჩააგდო ხელისუფლებამ. ქართველი ხალხი აუცილებლად დაიბრუნებს ღირსებას“, – წერს ის.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე რამდენიმე პირის, მათ შორის  პარლამენტის წევრის, დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.