უპასუხისმგებლო პოპულიზმია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ჰესები არ გვჭირდება - ვაშაძე

პუბლიკა

„ხელისუფლებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ვარლამ გოლეთიანისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები. აუცილებელია, არა პოლიცია და სპეცრაზმი, არამედ დროული და ეფექტური ნაბიჯები მათთან დიალოგისთვის”, – „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მან ბრიფინგის დასაწყისში პატივისცემა დაუდასტურა პირადად ვარლამ გოლეთიანსა და პროტესტის ყველა მონაწილეს.

ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, „უპასუხისმგებლო პოპულიზმია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ჰესები არ გვჭირდება”.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით გვინდა განვაცხადოთ, რომ ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი და უპასუხისმგებლო პოპულიზმია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ჰესები არ გვჭირდება.

მიგვაჩნია, რომ პრობლემის ფუნდამენტი მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ადგილობრივი ხალხის ინტერესებს, სრულიად ამოვარდნილია ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებისგან, შესაბამისად მივიჩნევთ, რომ ან საკრებულომ უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება მოსახლეობის ჩართულობით ან ჩატარდეს ადგილობრივი პლებისციტი.

თითოეულმა რიონის და ლეჩხუმის მაცხოვრებელმა უნდა მიიღოს სრულად ინფორმაცია რა სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის და კონკრეტულად მათთვის ამ ჰესს ან რა საფრთხეებს უქმნის და სრულფასოვანი ინფორმაციის შემდეგ, მათ, ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით და ამ გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებაც. ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, თუ სურვილი იქნება, ჩავერთოთ ამ დიალოგში და მოლაპარაკებებში“, – გიორგი ვაშაძე