უპრეცენდენტო ნაბიჯია. პრემიერი გადადგა, რათა კანონი არ აღსრულებულიყო - ღარიბაშვილი გახარიაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუშინდელი განცხადებები შეაფასა. მისი თქმით,  გახარიას თანამდებობიდან გადადგომა იმ მიზეზით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცოპერაციის ჩატარებისთვის მომეტებული რისკი არსებობდა, არის უპრეცედენტო ნაბიჯი. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო.

„ჩვენ ვიხილეთ უპრეცენდენტო ნაბიჯი მისი მხრიდან, როდესაც პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო. ჩვენ მოვისმინეთ მისი განმარტებები, რომ აქ მომატებული რისკი  და საფრთხე იყო. მე მინდა ძალიან მარტივი შეფასება გავაკეთო, რომ ნებისმიერი ოპერაციის ჩატარების დროს და ეს როგორც ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერ ოპერაციას თან ახლავს რისკები. ჩვენი პოლიციელები მაგიტომ არიან, რომ მიდიან ნებისმიერ რისკზე, ბუნებრივია“, – თქვა ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, მათ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ იქ არ იგეგმებოდა შეიარაღებული დაპირისპირება, ადგილზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები.

„იქ იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ხელჩართული ბრძოლა ამტყდარიყო. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მის ამ ქმედებას დაერქვა სახელი. როცა კრიზისის დროს გუნდის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი… მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა, ჩემი შეფასებით. რამდენიმე დღეში გომელაურის ხელმძღვანელობით ჩვენ ჩავატარეთ უპრობლემოდ სპეცოპერაცია, არავინ არ დაშავებულა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ საქმეს თან ახლავს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მან.

მისი თქმით,  ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება და ყველაფერს სახელი დაარქვა, მათ შორის გახარიას ქმედებას.

გუშინ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილი პრემიერმა გიორგი გახარიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება მისი ტონალობით იყო  მოულოდნელი.