ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ცუდ პრეცედენტს შექმნის - მთავრობამ ნაბიჯი უნდა გადადგას, პატიმრები გაათავისუფლოს - თორნტონი

პუბლიკა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილი დირექტორი საქართველოში და „საერთაშორისო იდეის“ გლობალური პროგრამების მენეჯერი ლორა თორნტონი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს.

თორნტონის შეფასებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა „მოლიპულ დაღმართზე“ სიარული იქნება, რომლითაც არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ საქართველოც პანდორას ყუთს გახსნის და ცუდ პრეცედენტს შექმნის.  მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისზე წასვლამდე პირველი ნაბიჯი მთავრობამ უნდა გადადგას და ნიკა მელია და გიორგი რურუა გაათავისუფლოს.

თორნტონს მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკოსებმა ვერ გადალახეს ის, რომ მმართველობა ნულოვანი ჯამის პრინციპით არ შეაფასონ. გამარჯვება არ ნიშნავს იმას, რომ ოპონენტი უნდა გაანადგურო. მისი აზრით, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, მაგრამ მას პოლიტიკური ნება სჭირდება, რის მონახვაც რთულია.

თორნტონის შეფასებით, საქართველოში ამ ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პარლამენტში, პროკურატურასა და საარჩევნო კომისიაში პლურალისტური ძალაუფლების ცენტრების შექმნაა.

მისი თქმით, გონივრული იქნება იმ შემოთავაზებების გათვალისწინება, რომლებიც ევროკავშირმა წარმოადგინა – მაგალითად, ცესკოს ხელმძღვანელისა და გენერალური პროკურორის დასანიშნად ხმების 2/3-ის თანხმობა, პარლამენტის კომიტეტებში თანათავმჯდომარეების პოზიციების შექმნა, ბიუჯეტისა და ზედამხედველობის კომიტეტების ოპოზიციისთვის მიცემა.

„ქართული ოცნება“ მმართველი პარტიაა და, რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი მათ უნდა გადადგან და ხელი პირველი მათ უნდა გაუწოდონ. ეს შეიძლება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იყოს. ამის შემდეგ ოპოზიცია უნდა დათანხმდეს რაღაცას და ასე უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯები“, – ამბობს თორნტონი.

„შეიძლება, ეს მეთოდიც ჩავარდეს და განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ თქვას, რომ არ აღელვებთ ევროკავშირის მუქარა ფინანსური დახმარების შეჩერებაზე. არ ვისურვებდი, რომ საქმე ამ წკეპლების მიდგომამდე მივიდეს და ევროკავშირმა და ამერიკამ დახმარების შეწყვეტა გადაწყვიტონ. მაგრამ მათ ამის საშუალება ნამდვილად აქვთ.

აქ საქმე ისევ იმ ნულოვანი ჯამის თამაშთან გვაქვს, რომლის დროსაც სიტუაციას ყველა მოგების ან წაგების თვალსაზრისით უყურებს. მხარეებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ერთი გამარჯვებული უნდა დარჩეს. ჩვენ, გარე დამკვირვებლები ვხედავთ, რომ ორივე მხარეს შეუძლია გამარჯვება, მაგრამ ისინი ისე არიან საკუთარ ჩარჩოებში ჩაკეტილი, რომ ამის დანახვა უჭირთ. ამიტომაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ასევე მნიშვნელოვანია ჟურნალისტური სტანდარტების გაძლიერება, ადგილობრივი მედია-საშუალებების განვითარება. ეს დეესკალაციას ხელს შეუწყობს, რადგან არ მგონია, ძირითადი მედია საშუალებები სიტუაციის განმუხტვას ეხმარებოდეს“, – ამბობს ის.

ლორა თორნტონის თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნებზე ანგარიშებმა არაერთი პრობლემა ცხადყო. მისი რწმენით, პრობლემების ნაწილი არჩევნებამდე პერიოდს უკავშირდება.

„ჩემი აზრით, საქართველოში ორი ყველაზე დიდი საარჩევნო პრობლემა სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება და დაშინებაა. საქართველოს საარჩევნო კანონი, საერთაშორისო გადმოსახედიდან, ასე თუ ისე ნორმალურია. მე ცესკოს შემადგენლობას შევცვლიდი, მაგრამ ამის გარდა, ბევრი საკანონმდებლო ცვლილება საჭირო არ არის. ის, რაც გასასწორებელია, ძირითადად, ცესკოს მიერ მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებით იქნებოდა შესაძლებელი. დიდი პრობლემების მოგვარებას კი დიდი დრო დასჭირდება.“, – ამბობს თორნტონი.

საქართველოში NDI-ის ყოფილ ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ერთ თვეში არჩევნები რომ ჩატარდეს, განსხვავებულ შედეგს ვერ მივიღებთ. თორნტონის აზრით, გრძელვადიანი პრობლემების გამოსწორება რომ დავიწყოთ, როგორებიცაა, მაგალითად, სახელმწიფო რესურსის გამოყენება და დაშინება და რომლებსაც დიდი დრო სჭირდება, არჩევნები გაცილებით კონკურენტული იქნება.

„ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, როცა ფართომასშტაბიანი გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს, პანდორას ყუთს ხსნის.

ვფიქრობ, ეს მოლიპული დაღმართია. მე იმ ძირეული ცვლილებების განხორციელებაში დავხარჯავდი დროსა და ძალისხმევას, რომლებიც ინსტიტუტების გარდაქმნას სჭირდება, არჩევნებს კი გეგმურად ჩავატარებდი. თან ახალ არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი“, – ამბობს ის.

თორნტონი ფიქრობს, რომ ბოიკოტის გამოცხადებით, ოპოზიციის თავდაპირველი მიზანი ის იყო, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა წარმოეჩინათ ერთპარტიულ, არადერმოკრატიულ მმართველობად.

„ჩემთვის არავის აუხსნია, რა იყო პარლამენტის ბოიკოტის მიზანი. მე უბრალოდ ვხვდები, რომ ეს შესაძლოა ქვეყანაზე ცუდი იმიჯის შექმნა ყოფილიყო და ამაში ოპოზიციამ მიზანს, ვფიქრობ, მიაღწია. ვიტყოდი, რომ ბოიკოტი ამ მოლაპარაკების ნაწილია, რადგან „ქართულ ოცნებას“ ძალიან უნდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. ამიტომ, მთავრობა პირველი მხარე უნდა იყოს, რომელიც ნაბიჯს გადადგამს, იქნება ეს პატიმრების გათავისუფლება, გენერალური პროკურორის დანიშვნა თუ ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით დანიშვნა. მთავრობამ რაღაც უნდა გააკეთოს იმის სანაცვლოდ, რომ ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდეს“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.

თორნტონის რწმენით, ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ახალი ლიდერები სჭირდება, ახალი პარტიის შექმნას კი სიფრთხილე.

„ამ ბოლო დროს ბევრი პარტია გაიყო და ვფიქრობ, ხალხს უჭირს ამ სიახლეებისთვის დაწევა. მთავარმა პარტიებმა უნდა სცადონ ახალი ლიდერების მოყვანა, უნდა სცადონ, იყვნენ მეტად ინკლუზიურები“, – განაცხადა მან.

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა თორნტონს გიორგი გახარიას სამომავლო გეგმებიც გააცნო.

„გახარიას შემთხვევაში არ ვარ დარწმუნებული. ის გავრილოვის ღამის დარბევის ერთგვარი სახე იყო. არ ვიცი,  შეძლებს თუ არა ის ამ იმიჯის მოშორებას. როცა ამდენი ხანი ასოცირებული ხარ კონკრეტულ ძალასთან, რთულია რაღაცა ახლის შექმნა. ასევე ძნელია ეს ყველაფერი დაფინანსების თვალსაზრისითაც. ვფიქრობ,ეს რთული საქმე იქნება“, – ამბობს ის.

ლორა თორნტონის ინტერვიუს „ამერიკის ხმასთან“ გაეცანით ბმულზე.