„ვაპროტესტებთ საჯარო სივრცის დაკარგვას“ - დიღომში მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს

პუბლიკა

„არ გაიცეს სამშენებლო ნებართვა!“ – დიდ დიღომში, მეორე მიკრორაიონში ადგილობივმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ქუჩა გადაკეტა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ადგილზე იგეგმება დახურული ტიპის სპორტული კომპლექსის აშენება, რაც ადგილობრივებს საჯარო სივრცეს წაართმევს.

„ვაპროტესტებთ დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში საჯარო სივრცის დაკარგვას. ვითხოვთ, რომ მოგვისმინონ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა; რომ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას; რომ შეჩერდეს სამშენებლო პროცესები, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული; ვითხოვთ ადგილობრივი მოსახლეობის ნება-სურვილის გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება; ვითხოვთ, რომ სიტუაციის გარკვევაში ჩაერთონ დამოუკიდებელი ექსპერტები; ვითხოვთ, უშუალო შეხვედრას გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ვითხოვთ ყურადღებას ყველასგან – მთავრობისგან, მერიისგან, პრეზიდენტისგან, ვისაც რაიმე პასუხისმგებლობა აქვს ამ ქვეყანაზე“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.


ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, დ. თავდადებულის #14 ნომერთან არსებული სარეკრეაციო სივრცე ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა და აქ დახურული ტიპის სტადიონის აშენება იგეგმება.

მოსახლეობა ამბობს, რომ სტადიონის და საწვრთნელი ბაზის წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ არსებობს ბევრი არგუმენტირებული მიზეზი, რის გამოც ამ პროექტის განხორციელება ამ კონკრეტულ ადგილზე დაუშვებელია.

ისინი მერიას სთხოვენ, შეუნარჩუნონ მწვანე სივრცე და ფეხბურთის ფედერაციას სტადიონის ასაშენებლად ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზოს.