„სამართლიანი არჩევნები“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია ვერ უკავშირდება დამკვირვებელს, იზა ჩირგაძეს, ვინც აცხადებდა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე სხვისი პირადობით მოსული პირებისთვის ბიულეტინების გადაცემას აიძულებდა.
1 ნოემბერს, ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქის #90 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც პროფესიული ნიშნით არჩეული იყო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, განაცხადა, რომ კენჭისყრის დღეს, 90-ე საარჩევნო უბანზე ის კომისიის რეგისტრატორი წევრი იყო, რა დროსაც შენიშნა სხვისი პირადობის მოწმობით მისული ამომრჩევლები, რომლებსაც ბიულეტენები არ გადასცა, რითაც აღკვეთა მათი არჩევნებში უკანონოდ მონაწილეობა.
მან, ბრიფინგზე განახცადა, რომ ამის შემდეგ მას მმართველი პარტიის წარმომადგენელი უკავშირდებოდა და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ იყვნენ 90-ე უბნის ამომრჩევლები, ბიულეტენების გადაცემას სთხოვდა.
„სამართლიან არჩევნების“ განცხადებით, იზა ჩირგაძისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის თხოვნით მომართა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, იმედა კლდიაშვილმა.
„ორგანიზაციის წარმომადგენელი მაშინვე დაუკავშირდა ჩირგაძეს და 2 ნოემბერს 13:30 საათზე სამართლებრივი დახმარების საჭიროების ფარგლებისა და ინფორმაციის დაზუსტების მიზნით შეუთანხმდა შეხვედრაზე, თუმცა, დღეს, დილიდან იზა ჩირგაძის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამორთულია და მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, 1 ნოემბერს, ღამის საათებში იმედა კლდიაშვილმა განაცხადა, რომ იზა ჩირგაძეზე სუს-ის მიერ განხორციელდა ზეწოლა, მას აუკრძალეს კავშირი ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
„კლდიაშვილმა, პროტესტის ნიშნად, ავტომობილით ქუთაისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი გადაკეტა. სამართალდამცავებმა იგი დაუმორჩილებლობის გამო ძალის გამოყენებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს“, – წერია განცხადებაში.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ჩირგაძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე და ზეწოლისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს.
ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ გაჟღერებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და მიიღონ სათანადო და დროული ზომები იზა ჩირგაძეზე სავარაუდო ზეწოლის აღსაკვეთად.
„სამართლიანი არჩევნები“ მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ დროს დაიცვას იზა ჩირგაძის უფლებები.