„ვესაუბრებით მოსახლეობას, რატომ უნდა შევიკრიბოთ 15 მაისს“ | ოპოზიციამ რეგიონებში შეხვედრები დაიწყო

პუბლიკა

ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეგიონებში გასვლითი შეხვედრები დაიწყეს. 15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პირველი შეხვედრა დღეს კახეთში, კერძოდ თელავში გამართეს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები და პოლიტიკოსები დილიდან რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და თელავისკენ გაემართნენ. მათი თქმით, ისინი აპირებენ როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრას.

„TV პირველთან“  პარტია „ევროპული საქართველოს“ ყოფილი ლიდერი, პოლიტიკოსი გიგი უგულავა თელავიდან მოსახლეობის განწყობების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ისინი ესაუბრებიან ქუჩაში მოქალაქეებს და არწმუნებენ, რატომ უნდა მივიდნენ 15 მაისს ოპოზიციის მიერ რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაზე.

„ვესაუბრებით ადამიანებს, ვესაუბრეთ იმაზე, რატომ ვიკრიბებით 15 მაისს, რატომ უნდა შევიკრიბოთ და რა იქნება ამის მერე, რა არის ის, რაც გვთიშავს და ვერ ვერთიანდებით. ყველა ადამიანი, ვისაც ბრაზი, იმედგაცრუება ამოძრავებს ამ ქვეყანაში ვთანხმდებით, რომ ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვიკრიბებით. ვერ ვიკრიბებით იმიტომ, რომ ხელისუფლების პროპაგანდა მუშაობს, რადგან სუსი მუშაობს და თიშავს ადამიანებს და აშინებს. ზოგს კიდევ ვიღაცები არ მოსწონს, მათ გვერდით დგომა, რაც ლეგიტიმურია.

ამიტომ ჩენ ყველას ვუხსნით, რომ თუ შენ გაწუხებს ბრაზი და მიიჩნევ, რომ ქვეყანა შევიდა კრიზისში, გამოსავალია ცვლილებები და ცვლილებების საშუალება მხოლოდ არჩევნებია და მეტი არაფერი. ეს ბრაზი უნდა გავაერთიანოთ, უნდა შევიკრიბოთ და შევცვალოთ.

მთავარი კითხვა სხვათა შორის არის ის, რომ – 16-ში რას გვიზამთ, დაგვშლით? და ჩვენ ვპასუხობთ, რომ – არა!  – 16, 17-შიც და მანამ, სანამ ცვლილებების ხელშესახები პაკეტი არ დაიდება და შეთანხება არ იქნება [გაგრძელდება]…”, – ამბობს გიგი უგულავა.

მისი თქმით, მას აქვს იმედი, რომ ბევრი ადამიანი შეიკრიბება, მიუხედავად გართულებული ეპიდისტუაციისა.

„ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ წესები, რაც რაციონალურია, მაგრამ არ დავიცვათ ის წესები, რომლებიც პოლიტიკურ შინაარსს ატარებს”, – ამბობს ის.