ვფიქრობ, მოვახერხებთ, თავიდან ავიცილოთ ეპიდემიის დრამატული განვითარება - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში.

როგორც „პირველ არხთან” ინტერვიუში ცერცვაძე ამბობს, ამას ამტკიცებს ის, რომ საქართველოში ინფიცირების მხოლოდ 79 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილი კი არც ერთი არ არის. ცერცვაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში ყველა უწყება ადეკვატურად მუშაობდა და პრევენციული ღონისძიებები დროულად გატარდა.

„საქართველოში მოსალოდნელია ახლო მომავალში შემთხვევების მატება, შესაძლოა, მნიშვნელოვანიც, რადგან საქართველო გადავიდა ე.წ. მეოთხეული გავრცელების ეტაპზე. ამ სიტუაციაში გარდაუვალია შემთხვევების მატება. სამწუხაროდ, ალბათ, გვექნება ლეტალური შემთხვევებიც, ვინაიდან ამას, პრაქტიკულად, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაურჩა, მაგრამ ჩემი პროგნოზი ასეთია: რამდენადაც სამთავრობო ვერტიკალის  გამართულმა მუშაობამ საშუალება მოგვცა, მოგვეგო 3-4 კვირა სხვა ქვეყნებთან მიმართებით, იმედი მაქვს, შევძლებთ, რომ ეპიდემიის განვითარების ახალ სტადიაზე ერთი-ორი საფეხურით გვექნეს უფრო უკეთესი, უფრო კეთილსაიმედო მდგომარეობა, ვიდრე ეს აქვს ევროპის წამყვან ქვეყნებს. ვფიქრობ, საქართველო მოახერხებს იმას, რომ თავიდან აიცილოს დრამატული განვითარება ეპიდემიის, თავისი ეკონომიკური ზარალითა და ადამიანის მსხვერპლით”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ მყისიერად იმოქმედა, როცა მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოაცხადა, რითაც ხელი შეუშალა მეოთხეული გადაცემის შემთხვევების გამრავლებას.

„როგორი ენთუზიაზმით, როგორი პროფესიონალიზმით და როგორი თავგანწირვით მუშაობენ იქ დაწყებული ექიმებით, დამთავრებული შსს-ს მუშაკებითა თუ უბრალო მოქალაქეებით. ამან უკვე გამოიღო შედეგი. შეიძლება ითქვას, რომ იმედი ვიქონიოთ, აი, ეს ცხელი კერა, საქართველოში, ჯერჯერობით, ერთადერთი ცხელი კერა ლოკალიზებულია და შესაძლებელია, რომ ის, რისი საფრთხეც იქამდე იყო და გვეშინოდა, რომ ამას უმართავი გავრცელება მოჰყვებოდა ინფექციის, ახლა მეტია იმედი, რომ ამ ეპიდემიის გავრცელება იქნება, მაგრამ მართვადი”, – აცხადებს ცერცვაძე.