ვგმობთ ძალადობას ისრაელის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართ - პრემიერი

პუბლიკა

„საქართველო მკაცრად გმობს  ძალადობასა და სარაკეტო თავდასხმებს ისრაელის ტერიტორიაზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას.

„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. მშვიდობიან მოსახლეობაში დამატებითი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად დაპირისპირების დაუყოვნებლივ დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს“, – წერს პრემიერი Twitter-ზე.

ისრაელში დაპირისპირება ორი დღის წინ სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. კონფლიქტს წინ უძღოდა იერუსალიმში ალ-აქსის მეჩეთთან ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ მოქალაქეებს შორის პალესტინელთა შესაძლო გამოსახლების გამო დაწყებული რამდენიმედღიანი დაპირისპირება, რის შემდეგაც ათეულობით ადამიანი დააკავეს.

ისრაელის სასამართლომ აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე ათეული პალესტინური ოჯახის გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო, რაც მოქალაქეებმა გააპროტესტეს. პალესტინელთა გამოსვლებს ისრაელის პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. დაპრისპირება გაგრძელდა ალ-აქსას მეჩეთთანაც, სადაც შემდეგ ისრაელის პოლიციამ მუსლიმ მისვლა აუკრძალა.

პალესტინელთა სარაკეტო იერიშებსა და ისრაელის ავიაციის შეტევებს უკვე რამდენიმე ათეული მოქალაქე ემსხვერპლა. მათი უმეტესობა პალესტინელია. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, გასული ორი დღის განმავლობაში მათ „ჰამასის“ რამდენიმე ლიდერის მოკვლა შეძლეს, თუმცა ღაზის სექტორის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება.

დაძაბულობაა ისრაელის შერეულ ქალაქებშიც. თავდაპირველად, მუსლიმი მოქალაქეების საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებასა და არეულობაში გადაიზარდა, დღეს კი ისრაელელთა ჯგუფებმა უკვე პალესტინელთა კუთვნილი მაღაზიები დაარბიეს.