ვიტალი საფაროვი ჰააგის უნივერსიტეტის კამპუსის კედელზე გრეტა ტუნბერგთან და ბერტა კასერესთან ერთად დახატეს

პუბლიკა

ჰოლანდიაში, ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის კამპუსის კედელზე არტისტთა დუეტმა Karski & Beyond, 15 მეტრის სიგრძისა და 8 მეტრის სიგანის გრაფიტული ნამუშევარი შექმნეს.

კედელზე შვედ აქტივისტ გრეტა ტუნბერგთან და 2016 წელს მოკლულ ჰონდურასელ გარემოსდამცველ ბერტა კასერესთან ერთად, ვიტალი საფაროვი დახატეს.

როგორც ჰააგის უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში წერს, ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 70 წლისთავთან დაკავშირებით მიურალის შექმნის ინიციატივა ეკუთვნის ორგანიზაციას „სამართალი და მშვიდობა“, თემა კი ჰააგის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ბრეინსტორმინგის დროს მოიფიქრეს.

„გრეტა ტუნბერგი, ბერტა კასერესი და ვიტალი საფაროვი კლიმატის, თავისუფლებისა და თანასწორობისადმი თავდადებულები არიან. ეს არის პატივისცემა სამი ადამიანისადმი, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ცვლილების მიღწევა შესაძლებელია“, – წერია ჰააგის უნივერსიტეტის განცხადებაში.


25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში მოკლეს. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობისა და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვიტალი საფაროვის ჯგუფურად მკვლელობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. მოსამართლე შორენა გვენცაძემ ავთანდილ კალანდარიშვილს და გიორგი სოხაძეს 15-15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობის ათვლა 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

ამასთან, სასამართლომ გამორიცხა ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი და კალანდარიშვილი და სოხაძე დამნაშვეებად მხოლოდ ჯგუფურად მკვლელობის ნაწილში ცნო. გადაწყვეტილება მიუღებელი იყო საფაროვის ოჯახის ადვოკატებისთვის.