„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილისა და თამარ კორძაიას მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურება.
ის წერს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელები „ტექნიკურ საკითხს შეეხნენ“.
„თამარ კორძაიამ, აგრეთვე ლევან ბერძენიშვილმა დაასახელეს პარტიიდან გასვლის საკუთარი მოტივი – ამ შემადგენლობით ფრაქციის შექმნას არ ვეთანხმებოდითო და უმცირესობაში აღმოვჩნდით პარტიაშიო. ანუ, უფრო ტექნიკურ საკითხს შეეხნენ.
წარმატებებს ვუსურვებ ლევანს საზოგადოებრივ და თამარს პოლიტიკურ ასპარეზზე. მადლობა ორივეს რესპუბლიკურ პარტიაში გატარებული წლებისთვის. ჟურნალისტებს გაცნობებთ, რომ სხვა კომენტარს არ გავაკეთებ“, – წერს ბერძენიშვილი.
თამარ კორძაიამ და ლევან ბერძენიშვილმა 4 ივნისს განაცხადეს „რესპუბლიკელების“ დატოვების შესახებ. წასვლის მიზეზად ორივემ საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ შექმნა დაასახელეს, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე გაწევრდა.