წერილობითი უარიც გვაქვს მიღებული დიალოგის შეთავაზებაზე - მაჭარაშვილი

პუბლიკა

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი, ირაკლი მაჭარაშვილი ეხმაურება ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მოწოდებას ნამახვანჰესთან დაკავშირებით დიალოგის დაწყების შესახებ.

„ნამახვანჰესის კრიზისის მოსაგვარებლად დიალოგის შეთავაზების შესახებ კონსტრუქციული წინადადებით გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს 2 თებერვალს მივმართეთ და წერილობითი უარი მივიღეთ. იმის მერე ვიღებთ შეურაცხყოფას, ცილისწამებას, უფლებების ხელყოფას, დამცირებას. ახლა, ბევრი ხალხი რომ დაინახეს ქუთაისში, დიალოგზე ალაპარაკდნენ”, – წერს ის.

2 თებერვლის განცხადებაში 3 არასამთავრობო ორგანიზაცია  – „მწვანე ალტერნატივა“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) აღნიშნავდა, რომ ნამახვანჰესის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრომ უხეშად დაარღვია საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული ნორმები. მათი თქმით, სკოპინგისა და გზშ ანგარიშების საჯარო განხილვები გაიმართა არა იმ სოფლებში, სადაც ჰესი შენდება (ამას მოითხოვს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“), არამედ წყალტუბოში, საპროექტო ტერიტორიიდან დაახლოებით 50 კმ დაშორებით. ის ადამიანები, კი რომლებსაც კრიტიკული შეკითხვები ჰქონდათ, ან არ შეუშვეს დარბაზში, ან კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ გარდა ამისა, კომპანია „ენკა რინიუებლზს“ არ ჩაუტარებია და სამინისტროსთვის არ წარუდგენია კანონით გათვალისწინებული, სავალდებულო კვლევები. ეს კვლევები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო  გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის, რადგან სწორედ მათ საფუძველზე უნდა დადგენილიყო პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხის ხარისხი და ამ საფრთხის შემსუბუქების თუ თავიდან არიდების შესაძლებლობები.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ისინი სამინისტროსგან მოითხოვდნენ:

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დააბრუნოს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოს პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, გამოაქვეყნოს პირობების შესრულებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია;

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-12 მუხლით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებისა და შენიშვნების მიღება და საჯარო განხილვების ორგანიზება პროექტის განხორციელების ადგილზე“, – ნათქვამი იყო განცხადებაში [სრული ვერსია იხილეთ ბმულზე].

მათთვის მიწერილ პასუხში სამინისტრო საუბრობს საჯარო განხილვის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოების შესახებ და ასევე – საჯარო განხილვის დროს წამოჭრილ საკითხებზე კომპანიისთვის დამატებითი განმარტებების მოთხოვნაზე. წერილში ასევე წერია, რომ მათ გაითვალისწინეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების  – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის”, „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები”, fauna & flora international – შენიშვნები და კომენტარებიც. მათივე თქმით, არგუმენტირებული მოსაზრებები გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებად ჩაწერეს.

ამის შემდგომ სამინისტრო აღნიშნავს, რომ: „იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სამინისტრომ უზრუნველყო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, საფუძველს მოკლებულია განცხადების მეორე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში ხელახლა დაბრუნების თაობაზე“. სრული პასუხი იხილეთ ბმულზე.

მაჭარაშვილი თქმით კი, მიუხედავად იმისა, რომ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი” პირდაპირ არ ითხოვს დამატებით წარმოდგენილი კვლევების საჯარო განხილვას, არსებულ სიტუაციაში ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი საინტერესოს მხრიდან და რაც პირველ რიგში, მისსავე ინტერესში იყო.

ირაკლი მაჭარაშვილი „პუბლიკასთან” საუბრისას ასევე ამბობს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა, დავით ჭიპაშვილმა ასევე შესთავაზა მინისტრებს, ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია მოეწვიათ ნამახვანჰესის პროექტის შესასწავლად და შესაფასებლად, რაზეც ასევე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

კომიტეტის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ: დავით ჭიპაშვილმა შესთავაზა დამსწრე საზოგადოებას, მინისტრებსა და დეპუტატებს ყველაზე ავტორიტეტული ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიის მოწვევა ამ პროექტის შესასწავლად და შესაფასებლად, რათა არ აღარ არსებობდეს წინააღმდეგობები. შეთავაზება მიმართული იყო პარლამენტისადმი, შესაბამისი შუამდგომლობის განსახორციელებლად.

„ჰოლანდიის გარემოს დაცვის ორგანიზაციის ჩართვასთან დაკავშირებით მან განმარტა, რომ არ იგეგმება პროექტის საფუძვლიანი რევიზია, რადგან იგი დამტკიცებულია”, – იყო ნათია თურნავას პასუხი.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა მცდელობები ჰქონდათ ნამახვანჰესის პროექტზე მომუშავე ორგანიზაციებს – მონაწილეობა მიეღოთ პროექტის განხილვაში, გაეზიარებინათ შენიშვნები და კომენტარები და წამოეწიათ წინ ყურადსაღები საკითხები, თუმცა, ყველა ამ შეთავაზებაზე, უარი მიიღეს, მას შემდეგ კი, რაც ნამახვანჰესთან დაკავშირებით ვნებათაღელვამ იმატა და რამდენიმე ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, სამთავრობო უწყებები ქმნიან ისეთ განწყობას, თითქოს არასამთავრობო სექტორი, დარგის სპეციალისტები არ არიან თანახმა დიალოგზე. მაშინ, როდესაც არაერთხელ, სხვადასხვა ფორმატისა თუ განსახილველი საკითხის შეთავაზებისას, სამინისტროებმა თავად განაცხადეს უარი მონაწილეობაზე.

LB loan image desktop LB loan image mobile