წითელი ჯვრის პრეზიდენტი ინდონეზიას „ყველაზე ცუდი სცენარისთვის" მზადყოფნისკენ მოუწოდებს

„წითელი ჯვრის” ინდონეზიის ფილიალის დირექტორის, იუსუფ კალამ Reuters-ს განუცხადა, რომ ინდონეზიაში დადასტურებული ინფიცირების შემთხვევების მცირე რაოდენობა ტესტირების სიმცირით არის გამოწვეული. კალამ განაცხადა, რომ აუცილებელია, ინდონეზიამ უფრო მკაცრ ზომებს მიმართოს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მათ შორის მკაცრ იზოლაციას.

ინდონეზია მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი 19 მარტს რეკორდულად, 82-ით გაიზარდა. დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 309 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსით გარდაცვალების კი – 25. ამ მაჩვენებლით ინდონეზია უსწრებს ყველა დანარჩენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანას.

გამოვლენილი შემთხვევების მცირე რაოდენობის მიზეზი ტესტირების დაბალი სიხშირეა. დღემდე ოფიციალური მონაცემებით ინდონეზიის 260 მილიონიან მოსახლეობაში კორონავირუსზე მხოლოდ 1 592 ადამიანი არის შემოწმებული. შემოწმებული ადამიანების რაოდენობით ინდონეზია შედარებით მცირე მოსახლეობის მქონე მეზობელ ქვეყნებსაც კი ჩამოუვარდება.

„ტესტირებების რიცხვი თუ დაბალია, მაშინ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაც დაბალი იქნება”, – განაცხადა კალამ.

კალამ ინდონეზიის ხელისუფლებას მოუწოდა, უფრო სერიოზულად შეხედონ კორონავირუსული ინფექციის გავრცელების საფრთხეს და „მზად იყვნენ ყველაზე ცუდი სცენარისთვის”.