„პირდაპირ ვიტყვი, ყოჩაღ ყველას, ვინც ამაში იყო ჩვენი მხრიდან ჩართული. რამდენადაც ვიცი, იყო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ჩართული, ყოჩაღ მას და ყოჩაღ ასევე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც ასევე იყო ჩართული ამ საქმეში“, – ასე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ჩართულობით აზერბაიჯანის მხრიდან 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებას.
„საქართველოს აქვს უნიკალური პოლიტიკური და რეგიონული მდებარეობა სამხრეთ კავკასიაში და ძალიან დასანანი იყო, რომ სწორად ვერ ვიყენებდით ამ ბერკეტს, განსაკუთრებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის დროს და ამ როლის გამოყენება არის ძალიან კარგი მთელი ქვეყნისთვის.
გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციები, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ძალიან საამაყოა, რომ ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს მთავრობამ ეს მოახერხა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
12 ივნისს საქართველოს ხელისუფლების ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. სანაცვლოდ, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში დანაღმული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია და რუკები გადასცა.