ყველაზე დახურულ დაწესებულებად მთავრობის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტრო შეფასდა - IDFI

პუბლიკა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის ფარგლებში 2020 წლის მონაცემები გამოაქვეყნა.

IDFI -ის ცნობით, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებობდა შემდეგი ძირითადი გამოწვევები:

  • საჯარო ინფორმაციის გაცემის სამართლებრივი შეზღუდვა
  • პანდემიის სპეციფიკით გამოწვეული სირთულეები
  • საჯარო დაწესებულებების  არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება

ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება 2020 წლის მონაცემებით.  ანგარიში ასევე, მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2020 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.

ძირითადი მიგნებები

– 2020 წელს 285  საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6 258 მოთხოვნიდან  IDFI-იმ  პასუხი მიიღო 5,000 განცხადებაზე (80%);

– 2020 წელს საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილი 6,258  მოთხოვნიდან, IDFI-იმ  10 დღიანი ვადის დაცვით ინფორმაცია მიიღო  3,043 შემთხვევაში (48%);

– 2020 წელს საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (30%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა მრჩევლის, ექსპერტის და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებული პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოწოდებაზე. რიგით მეორე,  ყველაზე დახურული ინფორმაცია დაკავშირებული იყო თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟის და საშუალო წვის მაჩვენებლებთან;

– 2020 წელს, განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლასთან იყო კავშირში და შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.მაგ, მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებების ასლები, ტურიზმის ამოქმედებისთვის განხორციელებული ღონისძიებები და სხვ.

– 2020 წელს დაწესებულებათა კატეგორიების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს ან უარი განაცხადეს სახელმწიფო შპს-ებმა და ა(ა)იპებმა (74% უპასუხო, უარი); ხოლო, სრულყოფილი პასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (85% სრულყოფილი) დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებათა ჯგუფში, რომელიც აერთიანებს: აჭარის ა/რ-ის მთავრობა და სამინისტროები, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

– 2020 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით  19-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა (მათ შორის, , სახალხო დამცველის აპარატი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური);

– 2020 წელს, IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად  შეფასდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და  მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა;

– 2020  წელს მთავრობის ადმინისტრაციის და  იუსტიცის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების  გარდა, კიდევ 13 დაწესებულება (მათ შორის სახელმწიფო ხაზინა) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც  IDFI-ის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა;

– ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  – 92,33%  ხოლო ყველაზე დაბალი იუსტიციის სამინისტრომ (5,45%) და ფინანსთა სამინისტრომ (12,91%) ;

– 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულებებიდან 10-მა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი გააუარესა.მათ შორის, ფინანსთა სამინისტრო (-45,7%), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (-35,84%) შინაგან საქმეთა სამინისტრო (-30,26%), პრეზიდენტის ადმინისტრაცია (-26,18%);