ზელენსკის თქმით, ვერ ხედავს, რომ აშშ-ის „მზა გეგმა აქვს“ უკრაინაში ომის დასასრულებლად

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვერ ხედავს, რომ შეერთებულ შტატებს „მზა გეგმა აქვს“ მის ქვეყანაში კონფლიქტის მოსაგვარებლად.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – უთხრა მან ჟურნალისტებს პარასკევს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში.

„მე ვუთხარი პრეზიდენტ (დონალდ) ტრამპს… მე მზად ვარ ნებისმიერ დროს. არაფერი მჭირდება საამისოდ, არც რიცხვები, არც არაფერი, მე ყველაფერი ვიცი. ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ნებისმიერ დროს. ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ყველაფერზე, დაწყებული (სამხედრო) კონტიგენტიდან უსაფრთხოების გარანტიებამდე, ნატოზე, ვიქნებით ჩვენ ნატოში თუ ნატო უკრაინაში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სახის კონსტრუქციისთვის პუტინის შესაჩერებლად“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ აშშ-ის ოფიციალურ პირებს გადასცა შეთანხმების პროექტი შეერთებული შტატების მიერ უკრაინის იშვიათი წიაღისეულის რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ.

მისივე თქმით, ოთხშაბათს მისი საუბარი ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან იყო საკმარისი „რაღაც დეტალებზე სასაუბროდ“, მაგრამ „არასაკმარისი გეგმის შესამუშავებლად“.

„ჩვენ გვესმის ერთმანეთის. ძალიან დადებითად ვისაუბრეთ. ეს მართლაც კარგი საუბარი იყო“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს პარასკევს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

მისი თქმით, საუბარი შეეხო ფრონტზე არსებული ვითარების დეტალებს და რეალური დანაკარგს. ზელენსკიმ თქვა, რომ მისი მაჩვენებლები ბრძოლის ველზე დანაკარგის შესახებ განსხვავდებოდა ტრამპის ინფორმაციისგან, მაგრამ „მთავარია, რას ვაკეთებთ შემდეგში“. ზელენსკის თქმით, მათ ისაუბრეს ჩრდილო კორეის კონტიგენტზეც, რომელიც რუსეთმა ჩართო ბრძოლაში.