ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ზუგდიდში ასაკოვან მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, მოქალაქე საქართველოში რუსეთიდან, ლარსის სასაზღვრე პუნქტის გავლით შემოვიდა.

მამაკაცი საქართველოში შემოსვლის შემდგომ 14 დღის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდა. პირველადი გამოკვლევებით თავდაპირველად მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია მამაკაცს კორონავირუსი ახლა დაუდასტურდა, თუ ტესტმა ძველი სავარაუდო ინფიცირების შედეგები აჩვენა, რადგან, მისი თქმით, მამაკაცს რუსეთში 1 თვის წინ პნევმონია სჭირდა. ოდიშარია აცხადებს, რომ ზუსტი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ცენტრის ცნობით, ინფიცირებულის 7 კონტაქტი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, დანარჩენები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემი ჯერ არ არის ასახული.

stopcov.ge-ის მონაცემებით საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 888 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 731 გამოჯანმრთელებულია, 14 კი – გარდაცვლილი.