ზურაბიშვილი: ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, გასაკვირი და გაუგებარია

პუბლიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების გასვლა-არგასვლის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მასში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში 60-ზე მეტი პოლიტპატიმარია, გასაკვირი და გაუგებარია.

„მე ვთვლიდი, რომ საჭირო იყო ეს მსჯელობა გადაგვედო შემდგომი პერიოდისთვის, რამეთუ დღეს უადგილოდ მიმაჩნია, მაგრამ, რადგან დაწყებულია ეს მსჯელობა, მიმაჩნია, რომ საჭიროა, მეც ვთქვა ჩემი სათქმელი. ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ პლატფორმის სახელით, ვლაპარაკობ ჩემი სახელით. ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მასში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ცოტა გასაკვირია და ჩემთვის გაუგებარიც კი.

როცა არ არსებობს [სასამართლო] ამ ქვეყანაში და ამას ვხედავთ ყოველდღიურად, როცა ვუყურებთ, რა ხდება სასამართლოში, რომ არანირი ნდობა არავის შეიძლება ჰქონდეს სასამართლოსი და იმის, რომ არჩევნებში ასეთი სასამართლო თუ იქნება და არა ცვლილებები შეტანილი ამ სასამართლოში, რომ რომელიმე დავას გაამართლებს, რომელიმე პარტიისთვის – თუ ვინმეს ეს სჯერა, მაშინ ცოტა, როგორც მინიმუმ, მიამიტობაზე უნდა ვისაუბროთ.

ასევე, მედია არის არჩევნების აუცილებელი კომპონენეტი ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და ჩვენთან არა მხოლოდ ნელ-ნელა იზღუდება ის სივრცე, რომელშიც მედიები ოპერირებენ, არამედ ყოველდღე მძიმდება სიტუაცია. შეტანილი არის სარჩელი მარეგულირებელში, რომელიც რეალურად არის ახალი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც არსად მინახავს. ამან შეიძლება განაპირობოს შემდეგ ეტაპზე ჯარიმები და ლიცენზიების შეჩერება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, როგორც შიგნიდან, ისე გარედან „გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე“. მან ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, მიხვდნენ, რომ ერთიანობაა აუცილებელი და სიტუაციის კარგად გაგება.

ის ამბობს, რომ ერთიანობის გარეშე ნახევრად ჩამოშლილმა რეჟიმმა შესაძლოა, გაიმარჯვოს.

„საპარლამენტო არჩევნებიც შეუძლებელია დღევანდელ პირობებში, როგორც არის, უცვლელად და ამ რეჟიმის პირობებში. ამიტომ არის, რომ პლატფორმის პირობებში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც შეთანხმებულია და აღნიშნავს ყველა იმ პირობას, ყველა იმ ცვლილებას, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა. ეს არის ის პირობები, რომლებიც წარვუდგინეთ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ ჩვენს პარტნიორებს და ამ კუთხით გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე. გარედან სანქციებით და პარტნიორების ზეწოლით.

შიგნიდან პროტესტით, რომელიც ყველაზე ძლიერია ამ სამი კომპონენტიდან და რომელიც აუცილებელია. ასევე, პარტიებიდან, პოლიტიკური სპექტრიდან, რომელიც იქნება ეფექტიანი მხოლოდ მაშინ, თუ არის ერთიანი. ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე და ამ რეჟიმს, რომელიც ნახევრად ჩამოშლილია, მივცეთ ის გამარჯვება, რომელიც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტსა და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე.

ამიტომ, პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია და ისიც, რომ სიტუაცია კარგად გაიგონ. რაც დროს გადის, უფრო რეალური ხდება, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად იყოს, მაგრამ ეს არჩევნები მიღწეული იქნება მხოლოდ, თუ პროტესტი გაგრძელდა, მხოლოდ, თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლა გაგრძელდა და თუ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს, ერთობლივად წარადგინონ თავიანთი ხედვა, თავიანთი ალტერნატივა მომავლისთვის. არავის არასდროს არ უნდა, რომ შეიცვალოს რამე, რათა ვაკუუმი შედგეს ქვეყანაში. ყველას პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ჯერ დავფიქრდეთ და მერე ვილაპარაკოთ!“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.