1 მაისიდან კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების გაზრდა იგეგმება - კანონპროექტი

პუბლიკა

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებით, იგეგმება კომპენსაციებისა და სახელმწოფო აკადემიური სტიპენდიების გაზრდა.

კანონპროექტის მიხედვით, უნდა გაიზარდოს ძალოვანი უწყებების თადარიგში მყოფ თანამშრომლების, სამოქალაქო ავიაციის, პროკურატურის და საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამსახურეების, ასევე პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეების და უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირების კომპენსაცია.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, რაც შეეხება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალურ ზღვარს, დღეს არსებული 560-ლარიანი ლიმიტი იზრდება და განისაზღვრება 1000 ლარით, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დადგენილი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი.

რაც შეეხება სამოქალაქო პირებისთვის დაწესებულ კომპენსაციებს, პარლამენტის წევრის ყოველთვიური კომპენსაცია 1000 ლარით, აპარატის თანამშრომლის – 882 ლარით, გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილეების – 1000 ლარით, უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირის კი – 717 ლარით განისაზღვრება.

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებებით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 45 მლნ. ლარით იზრდება.

კანონი, მიღების შემთხვევაში, ამოქმედდება 2024 წლის 1 მაისიდან.

კანონპროექტს საფინანსო კომიტეტზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.