10 სექტემბრიდან პეკინზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება – მერია

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირზე ამოქმედდება.

კალაძის თქმით, 10 აგვისტოდან, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, პეკინზე და მიმდებარედ 10 საინფორმაციო ჯიხური განთავსდება.

„ადგილობრივი მოსახლეობა აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს სისტემაში. უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი ავტომობილები და კონკრეტული საპარკინგე ადგილებით უფასოდ ისარგებლონ. პარკინგი ასევე, უფასო იქნება შშმ პირთათვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. რაც შეეხება სხვა რაიონებიდან შემოსულებს, პარკინგი ერთი საათის განმავლობაში ერთი ლარი ეღირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის, კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოქმედებს.

კახა კალაძის განცხადებით, ზონალური პარკირება დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. გარდა ამ სიახლისა, მერის განცხადებით, გრძელდება ახალი ავტობუსების ეტაპობრივი შემოყვანა და მეტროს ვაგონების განახლება.