116-ე სკოლაში მოსწავლეს დაზიანება სავარაუდოდ კალმით მიაყენეს

პუბლიკა

თბილისის 116-ე სკოლაში მერვე  და მეცხრეკლასელების შელაპარაკების დროს ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, კალმით  დაჭრეს ფეხში.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო,  რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მანდატურის სამსახურმა. გავრცელებული ინფორმაციაშიის თანახმად, შემთხვევა 3 დეკემბერს მოხდა.

„მანდატური ახორციელებდა სკოლის ტერიტორიის დისტანციურ მეთვალყურეობას, რა დროსაც მან ვიდეოკამერიდან შენიშნა, რომ შესვენების დროს დერეფანში უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა მიიღო. მანდატურმა ინფორმაცია მყისიერად გადასცა კოლეგას, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა მაინც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თავად მანდატურმა კი ფაქტი აცნობა პოლიციას“, –  ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურმა და სკოლის ადმინისტრაციამ გაატარა უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება.  მე-8 კლასელი მოსწავლე ბიჭის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

როგორც სკოლის დირექტორმა „რუსთავი 2-ს“ უთხრა, მოსწავლეს მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული, მას პირველადი დახმარება სკოლის ექიმმა გაუწია. ის ამბობს, რომ ინცინდენტში ცივი იარაღის გამოყენება გამორიცხულია.

LB loan image desktop LB loan image mobile