12 ევროპული ქვეყანა „ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი

პუბლიკა

12 ევროპული ქვეყანა საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, პარლამენტიდან გაიწვიოს რუსული კანონი.

განცხადებას ხელს აწერენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, იტალიისა და ირლანდიის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.

განცხადებაში ვკითხულობთ:

„3 აპრილს მმართველი პარტია, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შესახებ, რაც, ფაქტობრივად, უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ გასული წლის რუსული კანონია.

ქუჩებში გამოსული ქართველი ხალხის უზარმაზარი ზეწოლისა და აბსოლუტური მობილიზაციის პირობებში მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პირობა დადო, რომ ამ კანონმდებლობას პარლამენტიდან „უპირობოდ გაიწვევდა“.

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსის შესახებ, რომელიც შექმნილია საქართველოს აქტიური პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზაციისა და შესუსტების მიზნით, მაშინ, როცა ის ფართოდ არის ცნობილი, როგორც საქართველოს უდიდესი აქტივი და იმედი და აქვს ყველაზე გამჭვირვალე ბიუჯეტისა და დაფინანსების მქონე სექტორის რეპუტაცია.

ხაზს ვუსვამთ, რომ მისი ხელახლა ინიციირება ძირს უთხრის საქართველოს მიერ რთულად მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება არის დემოკრატიის საფუძველი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის;

ამას [რუსული კანონის ხელახლა ინიციირება] აღვიქვამთ, როგორც მტრულ სვლას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის მიმართ და გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას ამის გამო;

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ ის გადადგამს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებამდე და რომ ამ დრომდე საქართველომ მათგან მხოლოდ 3 შეასრულა;

ასევე, შეგახსენებთ, რომ მე-9 ნაბიჯის თანახმად, საქართველო უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობას, ხოლო 1-ლი ნაბიჯი გულისხმობს საქართველოს ბრძოლას დეზინფორმაციასთან, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.

დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი.

ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის მზაობას და მონდომებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის, დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით ხელმძღვანელობით. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დევს”.

განცხადების ხელმომწერები:

  • მარეკ ჟენიშეკი – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატთა პალატა, ჩეხეთის რესპუბლიკა;
  • პაველ ფიშერი – ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მაიკლ ასტრუპ იენსენი – საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დანიის პარლამენტი
  • მარკო მიჰკელსონი – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ესტონეთის პარლამენტი;
  • ჟან-ლუი ბურლანჟი – საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მაიკლ როტი – გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ჩარლი ფლენეგანი – ირლანდიის ქვედ აპარლამენტის პალატის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ჯულიო ტრემონტი – იტალიის დეპუტატთა პალატის საგარეო და სათემო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • რიჰარდს კოლსი  – ლატვიის სიემის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ჟიგიმანტას პავილიონისი – ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ინე ერიქსენ სორეიდე –  „კონსერვატიული პარტია“, ნორვეგიის პარლამენტი;
  • ბოგდან კლიხი – სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პოლონეთი;
  • ალისია კერნსი – გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;