მამა-შვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით მარგველაშვილის სიძე დააკავეს

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მამა-შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და მუქარის ფაქტებზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა.

„პუბლიკისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, სოსო ყიფშიძეა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 8 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ.თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, ავტომანქანის პარკირების გამო, ამავე კორპუსში მცხოვრებ მამა-შვილს ა.დ.-ს და გ.დ-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ ამავე კორპუსში მცხოვრებ ანა მარგველაშვილთან.

ამ უკანასკნელს, უწყების მტკიცებით, შელაპარაკებისას გამოესარჩლა მეუღლე სოსო ყიფშიძე, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამა-შვილს, ასევე დანით მიაყენა ჭრილობები ორივეს ხელის არეში და ხელყუმბარის გამოყენებით მათ ოჯახს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა სოსო ყიფშიძე 9 მარტს დააკავეს.

„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სოსო ყიფშიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა.