„პირველი ასკაციანი მოქალაქეების ჯგუფი ტოვებს „აზოვსტალს“ - ზელენსკი

პუბლიკა

„პირველი ასკაციანი ჯგუფი ტოვებს „აზოვსტალს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ twitter-ზე დაწერა.

მისი თქმით, ევაკუირებული მოქალაქეები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიემართებიან.

„ხვალ მათ ზაპორიჟიეში შევხვდებით. მადლობა ჩვენს გუნდს! ახლა ისინი გაეროსთან ერთად მუშაობენ ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.


უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი ჯარისკაცია ჩარჩენილი. მათივე თქმით, მარიუპოლში დაახლოებით 100 000 მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს საკვების, წყლის, გაზისა და სხვა კომუნიკაციების გარეშე.

ხუთშაბათს, 28 აპრილს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, რომ „ინტენსიური დისკუსიები“ მიმდინარეობს ევაკუაციის ოპერაციის შესათანხმებლად უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან.

მარიუპოლი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. მისი აღება მოსკოვს დაეხმარება შექმნას სახმელეთო დერეფანი პრორუსულ სეპარატისტულ დონბასსა და რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმს შორის. მარიუპოლში ომის დაწყებამდე დაახლოებით 450 000 ადამიანი ცხოვრობდა.