„17:00-ზე გაიმართება ბრიფინგი, სადაც გაიგებთ ყველაფერს“ – კობახიძე ივანიშვილის შემცვლელის შესახებ

პუბლიკა

„დღეს 5 საათზე პარტიის ოფისში გაიმართება ბრიფინგი, სადაც გაიგებთ ყველაფერს პარტიის გეგმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.

ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ადგილს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

„ქართული ოცნების“ წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას ამჟამად გენერალური მდივანი, კახი კალაძე ასრულებს.

პარტიაში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს კომენატარი გააკეთა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, პარტიაში ამ ცვლილების შესახებ იქნება შესაბამისი პროცედურები, რაც წესდებით არის დადგენილი. მდინარაძე ამბობს, რომ პარტიაში ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რაც საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„სამთავრობო გუნდში ცვლილებებთან დაკავშირებით, პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი მსგავსი არ იგეგმება იმიტომ, რომ პარტიულ ცვლილებებზეა საუბარი და ბატონი ბიძინას გადაწყვეტილება ბუნებრივია, პარტიულ სტრუქტურაზე, თანამდებობაზე იმოქმედებს. გადანაცვლებები იქნება და ამას საბოლოო ჯამში ყრილობა გადაწყვეტს, სამთავრობო გუნდს ეს, ბუნებრივია, არ შეეხება“, – განაცხადა მდინარაძემ.