ეპიდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა - მიტროპოლიტი დიმიტრი

პუბლიკა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის, დიმიტრი შიოლაშვილის  განცხადებით, ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის თქმით, მიტროპოლიტმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ ვაქცინაცია რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ჩვენ ყველას გვახსოვს მოზრდილ ასაკში, რომ სკოლაში, საბავშვო ბაღში ყველგან გვცრიდნენ და ეს იყო არა შემთხვევით, არამედ წინა, ძალიან მკაცრი პანდემიებით გამოწვეული. მე მინდა გითხრათ, რომ საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს. ბიბლია გვასწავლის, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება…

რამდენიმე ხნის წინ საბერძნეთის ერთ- ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ადრე საერო ცხოვრების დროს ამერიკის კოსმოსურ სააგენტო „ნასაში“ მოღვაწეობდა, არის პროფესიით გამორჩეული ექიმი და პროფესორი, თავის პუბლიკაციაში წერდა, რომ ელადის წმინდა სინოდმა დაავალა, შეესწავლა, რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა ადამიანის რელიგიური ცხოვრებისთვის და ის ამბობს, რომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთო, რომ არანაირი საფრთხე ამ ვაქცინაში რელიგიის კუთხით არ არსებობსო. მე მინდა, რომ ეს ასე იყოს და ღვთის მადლით, ასეც იქნება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.