2018 წელს ნარკოდანაშაულზე ადმინისტრაციულმა ჯარიმამ 1 893 500 ლარი შეადგინა – ნარკოვითარება საქართველოში

პუბლიკა

2018 წელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა რაოდენობამ 2 928 შეადგინა, თავისუფლების აღკვეთა კი 727 პირს შეეფარდა, რაც გამამტყუნებელ განაჩენთა 24.8%-ს შეადგენს, – ვკითხულობთ ნარკოვითარების ანგარიშში, რომელიც 2018 წელს ქვეყანაში ნარკოსცენასთან დაკავშირებულ ძირითად ინდიკატორებს აღწერს.

ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის თავში აღნიშნულია, რომ სასამართლოების მიერ განხილულ საქმეთა უმრავლესობა მოდის 260 (61%), 273 პრიმა (14%), 265 (11%) და 273 (8%) მუხლებზე. 2018 წელს სასჯელი ღონისძიების სახით უმეტესად გამოიყენეს პირობითი მსჯავრი (1 496 პირი).

მუხლი 260 ითვალისწინებს, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას;

მუხლი 273​ პრიმა – მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება;

მუხლი 265 –  ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება;

მუხლი 273 – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება;

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ უცნობია, თავისუფლებააღკვეთილთაგან რამდენი იხდის სასჯელს მცირე ოდენობით (პირადი მოხმარების მიზნით) ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, 2018 წელს I ინსტანციის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს დადგენილება გამოტანილია 4,211 პირის მიმართ.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მათგან სახდელის სახით ჯარიმა დაეკისრა 3 787 პირს, ადმინისტრაციული პატიმრობა კი გამოიყენეს 5 ადამიანის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა შეადგენს 500 ლარს, რაც ნიშნავს, რომ 2018 წელს ასეთი ჯარიმების ოდენობამ შეადგინა 1 893 500 ლარი;

[აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ბოლოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსს დაემატა 45 პრიმა მუხლი, რაც გულისხმობს მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით ფლობას. ანგარიშში მოყვანილ მონაცემებში არ შედის 45-ე პრიმა მუხლის მონაცემები].

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელსაც პრობლემად რჩება ნარკოტიკული საშუალებების უმეტესობისთვის მცირე ოდენობების და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობების განუსაზღვრელობა, რაც იწვევს ნებისმიერი ოდენობისთვის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ასევე, პრობლემად რჩება ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში დამატებით სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევის საკითხი.

26 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ნარკოვითარება საქართველოში 2018-ის” სრული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება; ასევე, შეგიძლიათ, ბმულზე გაეცნოთ ზედოზირების მართვის შესახებ რეკომენდაციებსა და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების რისკების შესახებ ინფორმაციას;

ანგარიში მომზადებულია დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის, „ალტერნატივა ჯორჯიას“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“ მკვლევრების ავტორობით;