2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი ცნობილია

პუბლიკა

განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში 5 ფინალისტი დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულმა, პიტერ ტაბიჩიმ დაასახელა, ესენი არიან:

  • სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • მარინე ვართუმაშვილი – ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
  • ანა კინწურაშვილი – თბილისის კერძო სკოლა ქორალის მათემატიკის მასწავლებელი
  • თეონა შერაზადიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ელზა ხარშილაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

#მასწავლებლისეროვნულიჯილდო2020

📣 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა 🏆

Posted by მასწავლებლის ეროვნული ჯილდო on შაბათი, 05 სექტემბერი, 2020