2021 წლის წიგნის ქომაგი მსახიობი ნინო კასრაძე გახდა

პუბლიკა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ
ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეექვსედ გამოავლინა და დააჯილდოვა წლის წიგნის ქომაგი.

2021 წლის წიგნის ქომაგი ნინო კასრაძე გახდა. მსახიობს ჯილდო ღონისძიების საზეიმო საღამოზე ასოციაციის თავმდჯომარემ, რუსუდან მოსიძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ ბერიაშვილმა გადასცეს.

წიგნის ქომაგის ჯილდო ნინო კასრაძეს თანამედროვე ეპოქაში წიგნისა და კინოს/თეატრის სფეროების დაახლოებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის საქმეში ახალი გზების/საშუალებების ძიებისთვის გადაეცა.

„წლების განმავლობაში მსახიობი მართავდა არაერთ შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული და უცხოური ლიტერატურის წარმოჩენას, პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში წიგნის კითხვის ინტერესის გაღვივებას.

ნინო კასრაძე მუდმივად იყო ჩართული კლასიკური და თანამედროვე ქართული პოეზიის მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაციაში,
გეგმავდა და ახორციელებდა პოეტისა და მხატვრის, ესმა ონიანის თეატრალიზებულ საღამოებს”. – ვკითხულობთ ასოციაციის განცხადებაში.

წლის წიგნის ქომაგის ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს
დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას.

წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: პროექტს ,,წიგნების თარო” (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), ფორმულა
კრეატივს (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).