26 სექტემბერს კულტურის სამინისტრო კინოცენტრთან ერთად მინისერიალებზე კონკურსს გამოაცხადებს

პუბლიკა

კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 26 სექტემბერს სამინისტრო კინოცენტრთან ერთად გამოაცხადებს კონკურსს მინისერიალის სცენარის განვითარებაზე.

ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.

„ქართული სერიალები, ვფიქრობ, არის ის ნიშა, რომელიც ქართულმა კინოინდუსტრიამ უნდა აითვისოს, ნიშა თავიდან დაიკავოს. ჩვენ წელს დავაფინანსებთ სცენარის განვითარებას.

სერიალი უნდა პასუხობდეს რამდენიმე თემატიკას: საქრათველოს უახლესი ისტორია, ქართველი კლასიკოსი მწერლობა და ქართული სპორტი.

ეს ვერ იქნება დოკუმენტური, საუბარია მხატვრულ, მაქსიმუმ 5-სერიან სერიალზე, თითოეული 45-დან 60 წუთამდე ხანგრძლივობის და თითო სერიის განვითარებაზე ვვარაუდობთ, რომ ჩვენ დავხარჯავთ გამარჯვებულ პრეტენდენტებთან ერთად 10 ათას ლარს, ეს არ არის ხელწამოსაკრავი ბიუჯეტი“, – განმარტა წულუკიანმა.

მისივე თქმით, პრიორიტეტი მიენიჭება იმ კომპანიებს, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს, ვისაც პარტნიორებად ჰყავთ ციფრული პლატფორმა, სადაც შემდეგ ამ მინი სერიალებს აჩვენებენ, ასევე პარტნიორებად ჰყავთ, კინოდარბაზები ან ტელევიზიები.

„რა თქმა უნდა, ის ტელევიზიები ვისაც ცოდვაში არ ეთვლება კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობა“, – განაცხადა წულუკიანმა.

LB loan image desktop LB loan image mobile