3 პირის გადაადგილების შეზღუდვა ოჯახის გამონაკლისის გარეშე არალოგიკურია – ანა დოლიძე

პუბლიკა

3 კაცის ერთად გადაადგილების აკრძალვა არის არალოგიკური, თუ იქ არ იქნება გამონაკლისი ოჯახზე – ამბობს ანა დოლიძე, იურისტი, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი „ტელეკომპანია პალიტრასთან“ საუბრისას.

„ჩემმა გუნდმა მიმოიხილა არაერთი მაგალითი. ვთქვათ, იტალია, ესტონეთი, ეპანეთი, ინგლისი.

ხომ არ შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ მხოლოდ ჩვენს მთავრობას აქვს განსაკუთრებული ლოგიკური უნარები და არ აქვს ამ ქვეყნების ხელისუფლებებს. ინგლისის კანონმდებლობაში პირდაპირ წერია, რომ იკრძალება ჯგუფურად გადაადგილება, გარდა იმ ხალხისა, რომელიც ცხოვრობს შენთან ერთად. ესპანეთში,  იტალიასა და ესტონეთში პირდაპირ მოხსენიებულია ოჯახი.

რა ქნან მშობლებმა, რომელთაც ჰყავთ ორი შვილი, ჰყავთ სოფელში და ვერ ჩამოჰყავთ თბილისში. და ეს არ არის გასეირნება. ვის ესეირნება? ხალხი ბოლო კაპიკებს ითვლის.

დედას, მამას და შვილს იმავე წარმატებით შეუძლია გაავრცელოს ვირუსი, როგორც მეოთხე ბავშვს. რატომაა პრობლემა მეოთხე ბავშვი? აბსოლუტურად ალოგიკური წესია.

ოჯახის განმარტება ფართოა და გულისხმობს ყველა ადამიანს, ვინც შენთან ერთად ცხოვრობს, ამიტომ რომ არ გართულდეს ადმინისტრირება, ვსაუბრობ მშობლებსა და შვილებზე.

დედა და მამა, რომლებსაც რაჭაში ჰყავთ შვილები დატოვებული, ისედაც დაკარგეს სამსახურები, თბილისამდე რომ ჩამოიყვანონ  კიდევ 3 000 ლარი უნდა გადაიხადონ, რაიმე საგამონაკლისო წესი მაინც შემოიღონ. როგორც იტალიაშია, სადაც გადაადგილების წინ შეტყობინებას აგზავნი”. – ამბობს ანა დოლიძე.

ანა დოლიძე გადაადგილებისას დაჯარიმებულ პირებს მოუწოდებს, დახედონ საჯარიმო ქვითარს, სადაც გასაჩივრების ვადა წერია და გაასაჩივრონ, თუკი მიიჩნევენ, რომ გადაადგილდებოდნენ უკიდურესი აუცილებლობის გამო. იჩივლონ სასამართლოში და ახსნან მიზეზი – სავადმყოფოში მიჰყავდა ოჯახის წევრი, თუ შიოდა თუ სოფელში მიდიოდა, „ინდივიდუალური შემთხვევები მოსამართლემ იქნება გაითვალისწინოს”. – ამბობს ანა დოლიძე.